logo
ENG



"სტუდენტებს შორის პანიკაა" - პრაღაში მყოფი ქართველი სტუდენტი

21 დეკ 202321:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/21/flb68anu98hnlzj.jpg

პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, ოფიციალური ინფორმაციით, 15 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

"სტუდენტებს შორის პანიკაა. ვისაც არ ჰქონდა ბილეთი, მგონი, ისინიც ყიდულობენ რომ წავიდნენ", - ამბობს ფორმულასთან ქართველი სტუდენტი, ანანო მუშკუდიანი, რომელიც კარლის უნივერსიტეტში სწავლობს. როგორც ის აღნიშნავს, სასწავლებელმა მიმდინარე კვირაში ყველა შეხვედრა და ლექცია გააუქმა.

ანანო უნივერსიტეტიდან უკვე წამოსული იყო, როდესაც ინტერნეტიდან შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გაიგო. კურსელები ერთმანეთს ეძებდნენ.

"დაშავებულებიდან არავის ვიცნობდი, ეგენი უფრო იყვნენ ისტორიისა და ხელოვნების მცოდნეობის სტუდენტები, როგორც ვიცი", - ამბობს ანანო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც ანანო ამბობს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 1999 წელს დაბადებული, ისტორიის სტუდენტი იყო, რომელმაც დილით ჯერ მამა მოკლა, შემდეგ კი კარლის უნივერსიტეტში მივიდა. სოცქსელებში მისი ტვიტები ვრცელდება. გარდა ამისა, ანანო აღნიშნავს, რომ საუბრობენ უფრო მეტ დაღუპულსა და დაშავებულზე. 

"საშობაო მარკეტები რაც იყო ქალაქებში, ყველა დახურულია. ახლა სასტუმროდან მაღაზიაში გასვლა მინდა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შორსაა ცენტრიდან, მაინც ყველგან პოლიცია დგას და მეკითხება, რატომ გადავადგილდები და მაფრთხილებს სიტუაციის შესახებ", - ამბობს ქართველი სტუდენტი.


close დახურვა